დღეს საჯარო სკოლებში უფასო საკვების მიწოდების შესახებ აქცია გაიმართა - შეკრებილების თქმით, შიმშილის წინააღმდეგ მოქმედება სკოლებიდან უნდა დაიწყოს, ამიტომ მარში განათლების სამინისტროსთან დასრულდა.
"სკოლებში ყოველი ათი ბავშვიდან შვიდი ამბობს, რომ ყოველდღე ან კვირაში რამდენჯერმე მშიერია. ჩვენ უკვე ორი წელია ვმუშაობთ უფასო სასკოლო კვებაზე და ამ პროცესში ბევრი სხვადასხვა ჯგუფი შემოგვიერთდა. მიგვაჩნია, რომ 2024 წელს ყველა პირობაა იმისთვის, რომ უფასო სასკოლო კვება დაიწყოს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ფორმულასთან.
მარში ორგანიზაცია ხმამ დააორგანიზა. მათი განცხადებით, ორი წელია, მთავრობა იტყუება, რომ საჯარო სკოლების მდგომარეობას სწავლობს, ხოლო განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში თქვა, რომ სამინისტროში ამისთვის სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა.
ორგანიზაციის განცხადებით, სინამდვილეში სამინისტროს უკვე აქვს დეტალური მონაცემთა ბაზა, რომელიც თითოეული საჯარო სკოლის მდგომარეობას აფასებს - ეს ბაზა 2019 წელს შეიქმნა და მის განახლებას 1 თვე ეყოფა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ ბაზის მიხედვით, საჯარო სკოლების მხოლოდ 22 პროცენტს აქვს ფუნქციური ბუფეტი.